მომსახურების ხელშეკრულება
წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს მომსახურების პირობებს და არეგულირებს ურთიერთობას Skoop Delivery-სა და მომსახურებით მოსარგებლე მხარეს შორის.
მუხლი 1. მხარეები და ტერმინები
1.1. „კომპანია“ – Skoop Delivery.
1.2. „ბიზნეს პარტნიორი“ – იურიდიული/ფიზიკური პირი, რომელიც კომპანიის სისტემაში ქმნის გადაზიდვის დავალებას და გადასცემს ამანათებს ტრანსპორტირებისთვის.
1.3. „მომხმარებელი/მიმღები“ – პირი, ვისაც ჩაბარდება ამანათი მითითებულ მისამართზე.
1.4. „ამანათი“ – ტრანსპორტირებისთვის გადაცემული ნივთი/ნივთების ერთეული შეფუთვით.
მუხლი 2. მომსახურების არსი
2.1. კომპანია უზრუნველყოფს ამანათების მიღებას, ტრანსპორტირებასა და ჩაბარებას საქართველოს მასშტაბით განსაზღვრული ვადებისა და პირობების შესაბამისად.
მუხლი 3. მიწოდების სავარაუდო ვადები
3.1. თბილისის მასშტაბით – 3 სამუშაო დღე.
3.2. რეგიონების მიმართულებით – 5 სამუშაო დღე.
3.3. მაღალმთიანი დასახლებების მიმართულებით – 7 სამუშაო დღე.
3.4. შენიშვნა: მითითებული ვადები არის სავარაუდო და არ წარმოადგენს უპირობო გარანტიას.
მუხლი 4. კურიერის ვალდებულებები
4.1. კურიერი ვალდებულია უზრუნველყოს ამანათის ჩაბარება შეთანხმებულ ვადებში და მის დანიშნულების ადგილზე.
4.2. კურიერი ვალდებულია კეთილსინდისიერად და პროფესიული სტანდარტების დაცვით შეასრულოს დაკისრებული ფუნქციები.
4.3. კურიერი ვალდებულია მის მიერ მიღებული ნაღდი თანხები ან სხვა ფინანსური სახსრები დროულად და სრულად გადარიცხოს კომპანიის ანგარიშზე.
4.4. კურიერი ვალდებულია ოპერატიულად ასახოს მიწოდებასთან დაკავშირებული ინფორმაცია კომპანიის პროგრამულ სისტემაში ამანათის ჩაბარებისთანავე.
4.5. ამანათის დაკარგვის, დაზიანების ან არასწორი გადაცემის შემთხვევაში, თუ ზიანი გამოწვეულია კურიერის ბრალეულობით, კურიერი ვალდებულია აუნაზღაუროს კომპანიას ზარალი.
4.6. კურიერი ვალდებულია ნებისმიერი ინციდენტის ან შეფერხების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს უშუალო ხელმძღვანელს ან კომპანიის შესაბამის წარმომადგენელს.
4.7. კურიერი ვალდებულია უზრუნველყოს მომხმარებლების პერსონალური მონაცემების დაცვა და არ გაუზიაროს ის სხვა მესამე პირს.
მუხლი 5. ბიზნეს პარტნიორის ვალდებულებები
5.1. ბიზნეს პარტნიორი ვალდებულია სისტემაში შეიყვანოს სრული, ზუსტი და რეალური ინფორმაცია თითოეულ ამანათთან დაკავშირებით.
5.2. არასწორი ან არასრული ინფორმაციის მითითების შემთხვევაში, პარტნიორი სრულად იღებს პასუხისმგებლობას ამგვარი ქმედებით გამოწვეულ ნებისმიერ ზარალსა და შედეგზე.
5.3. ბიზნეს პარტნიორი ადასტურებს და უზრუნველყოფს, რომ გადაზიდვისთვის გადაცემული ამანათები არ შეიცავს ნივთიერებებს ან საგნებს, რომელთა ბრუნვა ან ტრანსპორტირება აკრძალულია ან შეზღუდულია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, და ამ მოთხოვნის დარღვევის შემთხვევაში სრულად აგებს პასუხისმგებლობას სამართლებრივი და ფინანსური შედეგებისთვის.
მუხლი 6. ფორს-მაჟორი
6.1. კომპანია არ იღებს პასუხისმგებლობას ვალდებულებების შეუსრულებლობაზე ან არაჯეროვან შესრულებაზე, თუ ეს გამოწვეულია ფორს-მაჟორული გარემოებებით.
6.2. ფორს-მაჟორულ გარემოებებში იგულისხმება, მაგრამ არ შემოიფარგლება: წყალდიდობა, მიწისძვრა, ძლიერი თოვლი, მეწყერი, პანდემია, საგზაო ინფრასტრუქტურის დაზიანება ან სხვა გარემოებები, რომლებიც კომპანიის გონივრულ კონტროლს მიღმაა.
6.3. ასეთ შემთხვევებში კომპანია უფლებამოსილია შეცვალოს მიწოდების ვადები გარემოებების გათვალისწინებით.
მუხლი 7. დავის გადაწყვეტა და მოქმედი სამართალი
7.1. წინამდებარე წესებიდან გამომდინარე ნებისმიერი დავა განიხილება და გადაწყდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
7.2. მხარეები იღებენ ვალდებულებას, შესაძლებლობის ფარგლებში, დავა პირველ ეტაპზე მოაგვარონ მოლაპარაკების გზით.